კახა კალაძე - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა შეუძლია.
„საკადრო ცვლილებები პირველი შემთხვევა არ არის წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ცვლილებები ალბათ მომავალშიც იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება. სადაც არ უნდა ვიყოთ, შესაძლოა, პოლიტიკა იყოს, ბიზნესი, სპორტი, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ვატარებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ვემსახურებოდეთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე.
2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს. ეს მაძლევს შესაძლებლობას, ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.