კახა კალაძე - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ყველა, ვინც მოტივირებული იქნება, შემოიტანოს არეულობა, შესაბამისმა სამსახურებმა ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედონ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
მისივე თქმით, ზოგადად, შესაბამისმა სამსახურებმა ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედონ მათ მიმართ, ვინც მოტივირებულია, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა.
„აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ყველა ადამიანი, რომელიც მოტივირებულია, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება და ეს შეიძლება, განახორციელოს სხვადასხვა მეთოდით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.