კახა კალაძე - მმართველი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. აღნიშნული კომენტარით „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ასევე ზუგდიდში საპოლიციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქმის მეორე ეტაპიც წარმატებიც დასრულდეს და ბოროტმოქმედი დააკავონ.
„ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალში, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ადამიანები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ სპეცოპერაციაში, მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი, ისე რომ თმა არ ჩამოვარდნია, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ახლა მთავარია ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანა, რათა დაკავებული იყოს თავდამსხმელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.
პოლიტიკოსებს გუშინაც ვსთხოვე, თავი შევვეკავებინათ პოლიტიკური განცხადებებისგან. ამიტომ, ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საქმე მივა ბოლომდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ გუშინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.