კახა კალაძე - მიწისქვეშა გადასასვლელები უნდა იყოს მოწესრიგებული და სუფთა
მიწისქვეშა გადასასვლელები უნდა იყოს მოწესრიგებული და სუფთა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის პერიოდში მიწისქვეშა გადასასვლელებზე თუ მოხდება ტერიტორიის იჯარით გადაცემა, ხელშეკრულებაში ჩაიწერება, რომ აუცილებელია მოვლა-პატრონობა და კამერების დამონტაჟება.
“ჩვენ გვინდა პირველი პროექტი გმირთა მოედანზე განვახორციელოთ, სადაც განთავსდება კამერები. ჩვენ ასე ვაპირებთ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, მოსუფთავებას, მოპირკეთებას, რადგან რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებზე ადამიანები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროებაა. უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. გვინდა, ყველაფერი მოვაწესრიგოთ და ადამიანებს ვუთხრათ, რომ ეს კეთდება მათთვის. მეპატრონეებთან თუ მოიჯარეებთან ინდივიდუალურად გვექნება გასაუბრება. მაგალითად გვქონდა გასაუბრება წინამძღვრიშვილის მიწიქვეშა გადასასვლელის მფლობელთან და ვუთხარით, რომ იქ ანტისანიტარიაა და შეუძლებელია ადამიანების გადასვლა – გადმოსვლა. ეს ადამიანები დაგვთანხმდნენ იმაზე , რომ აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. მიხარია , რომ ადამიანები უკვე გვეხმარებიან, გვერდით გვიდგანან და იციან, ეს რამდენად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.