კახა კალაძე - მივმართავ მოსახლეობას, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი, ერთიანი შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში
მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი, ერთიანი შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, რომ საიმედო პარტნიორია.
„ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. ხაზს ვუსვამ, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და დღესაც მზად ვართ მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი მეგობრობა. ცალმხრივად რაიმეს გაკეთება შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია. მზად ვართ იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა, მჯეროდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტატუსის დროს. გავიხსენოთ ყველამ, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა ქვეყნის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურად გამოყენება და ამ პროცესებით მანიპულირება, რათა ქვეყანაში გამოეწვიათ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. პირიქით, ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ იმ ოჯახში, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.