კახა კალაძე - მივესალმებით ქალაქის განვითარებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მწვანე სივრცეებისა და რეკრეაციული ზონების ხარჯზე
სამშენებლო სექტორს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რომ ერთად განვავითაროთ დედაქალაქი, მაგრამ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კუს ტბის მიმდებარედ უკანონო მშენებლობის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.
„გუშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ დაიწყეს უკანონო მშენებლობა. დაფიქსირდა ფაქტი, ზარი შემოვიდა ზედამხედველობის სამსახურში. ჩვენი მხრიდან მაშინვე მოხდა რეაგირება და მშენებლობა შევაჩერეთ. არსებობს პრინციპები, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების პრობლემა. ჩვენ მერიამ, მოსახლეობამ, დეველოპერებმა, ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ რეალობის გამოსწორება და დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კუს ტბის მიმდებარედ კონკრეტული პროექტი მწვანე სივრცეში იყო, ანუ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო რეკრეაციულ ზონაში, რაც მერიამ გააბათილა.
ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, მეორე მხრივ, არ უნდა დაზარალდეს კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესი.
„ჩვენ პატივს ვცემთ საკუთრების უფლებას და ვფიქრობთ, მესაკუთრე არ უნდა დავაზარალოთ, რომელიც არის კეთილსინდისიერი მყიდველი. ცივილური ფორმით უნდა მოხდეს საკითხის მოგვარება. მივესალმებით ქალაქის განვითარებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მწვანე სივრცეებისა და რეკრეაციული ზონების ხარჯზე. გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა სამშენებლო სექტორს, რომ ერთად განვავითაროთ ქალაქი, მაგრამ ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად სწორად, რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში არის მძიმე. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა და აუცილებლად შევცვლით“, – აღნიშნა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.
კუს ტბასთან მდებარე ტყეში სამშენებლო სამუშაოები გუშინ შეწყდა.