კახა კალაძე - მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა
კახა კალაძე - მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა

თბილისის მერმა მოქალაქეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა, ასევე მერიისა და მუნიციპალური სამსახურების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე – გიორგობა. თქვენ პირადად, სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, ჯანმრთელობა გისურვოთ, პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ვიტყოდი, რომ წმინდა გიორგის ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს, ჩვენს ოჯახებს.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით ორი თვეა, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სამუშაოებს გავაგრძლებეთ, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია კორონავირუსის პრევენციისთვის და ამ ბრძოლაში ჩვენი თითოეული სამსახურის ჩართულობა, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალააძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებულ ფორმატში წარიმართება, რადგან სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, რადგან ისინი თავიანთ რაიონებში ჩართულები არიან პროდუქტების დარიგების პროცესში.

„მინდა, პირადად გამგებლებს, გამგეობის თანამშრომლებს, ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩართულია ამ პროცესებში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, დავეხმაროთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რომელშიც საქართველო და მთელი მსოფლიო იმყოფება, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, არა იმ ტემპით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა და ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ხაზი მინდა, გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომლებიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოები. დღეს მიღებული შედეგი, მხედველობაში მაქვს გამწვანებითი სამუშაოები. მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩვენი ქალაქი ამ გამწვანებების ფონზე და ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც „თბილსერვის ჯგუფში“ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამით უკვე შედეგი მიღწეულია და გამწვანებითი სამუშაოები დამთავრებულია. პირიქით, უფრო მეტია გასაკეთებელი და ჩვენი პროექტებიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ გამწვანებით სამუშაოებს – რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, არსებულების რეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – კიკვიძის პარკის, რომელიც ფაქტობრივად დამთავრებვულია და ულამაზესი სივრცე გამოვიდა და ასევე მზიურის პარკი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ესეც ძალიან მაგარი სივრცე ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, არ გავრჩდებით  და ძალიან საინტერესო პროექტი იქნება განხორციელებული მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.