კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, არაფერს გამოვრიცხავ
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, არაფერს გამოვრიცხავ

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მე არაფერს გამოვრიცხავ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რა მოლოდინია პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.

„მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა ბოლო დროს ისეთი რაღაცები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს, პატივს სცემდეს, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, იქნა ბევრი განმარტება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას, კონსტიტუციის პატივისცემა არის მნიშვნელოვანი და მით უმეტეს, ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ პირველები, ვინც პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს და უბრალოდ წარმოუდგენელია, მე არ ვიცი კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, სადაც პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა კალაძემ, რომელიც გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.