კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარკვეულწილად წინ ვართ, კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ისევ გრძელდება და ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევებმა იმატა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარკვეულწილად წინ ვართ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვაცხადო, რომ ვალდებული ვართ, საზოგადოებას ჰქონდეს სწორი და სრული ინფორმაცია. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ეს ვირუსი ჯერ კიდევ ახლოს არის. შესაბამისად, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები. საზოგადოება გარკვეულწილად უყურებს, რომ ხელისუფლებამ ხალხთან ერთად კარგად გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას. თუ გავაკეთებთ შედარებებს, განვითარებულ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში რა ფატალური შედეგები იყო, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო, მათთან შედარებით, ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად მოვეშვათ. როგორც აქამდე მოვედით, ყურადღებით ვიყავით, მაქსიმალურად ვიცავდით წესებს, ვითვალისწინებდით სოციალურ დისტანციას, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა იყოს შენარჩუნებული, ხედავთ, რომ გუშინწინ 26 შემთხვევა იყო, დღეს კიდევ დამატებითი ახალი შემთხვევებია, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.