კახა კალაძე - მიშენებების ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ საკუთრებას ვერ შევეხებით
მიშენებების დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ საკუთრებას ნამდვილად ვერ შევეხებით, ამას არ ვიკადრებთ, – განაცხადა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ დეველოპერებთან შეხვედრის შემდეგ.
კახა კალაძის თქმით, გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში.
„გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში, მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის 41-ე დადგენილებაში, გამკაცრდება გარკვეული მიმართულებები, რადგან ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ ფასადების ნაწილს, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიები თანხმდებიან და მხარს უჭერენ ჩვენს მოსაზრებებს, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ზომები. ახლად აშენებული შენობა-ნაგებობები აუცილებლად უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი. ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ და მოვახდენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას, თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას. დარწმუნებული ვარ, რაც ყველას გვაწუხებს იერსახის ნაწილში, მომდევნო წლების განმავლობაში იქნება შეცვლილი და ქალაქი დაემსგავსება ქალაქს“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ქალაქისთვის ასევე დიდი პრობლემაა დაუსრულებელი მშენებლობები. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია კონკრეტულ ხედვას ჩამოაყალიბებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.