კახა კალაძე - მისასალმებელია ხელფასების მატება, რომელიც დაანონსდა, მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა დავაფასოთ
მისასალმებელია ხელფასების მატება, რომელიც დაანონსდა, მნიშვნელოვანია, დავაფასოთ საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლებს მომავალი წლიდან სახელფასო განაკვეთი 10%-ით გაიზრდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა, ადამიანები, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ამ ქვეყანას. ისინი განაწილებული არიან სხვადასხვა სამინისტროებში, სხვადასხვა სამსახურებში. ხელფასების მატება, რომელიც იქნა დაანონსებული და ყოველწლიურად, 2026 წლამდე 10-პროცენტიანი მატება იქნება, ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მინდა, ჩემს თანამშრომლებსაც ვუთხრა, რომ მომავალი წლიდან მათი სახელფასო განაკვეთი 10%-ით გაიზრდება და ეს გაგრძელდება.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, დაუფასდეთ თავიანთი შრომა, რასაც 24-საათიან რეჟიმში აკეთებენ“,- განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, 50%-იანი მატება გამოვა“.