მინისტრთა ახალ კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, უმრავლესობასთან პრემიერმა უკვე გამართა რამდენიმე კონსულტაცია, სადაც კონკრეტული კანდიდატები განიხილეს და სამინისტროების გაერთიანებაზეც იმსჯელეს.
„პრემიერს ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც იყო მსჯელობა სამინისტროების გაერთიანებაზე, მინისტრობის კანდიდატებზე. კანდიდატები უახლოეს დღეებში იქნებიან წარმოდგენილი.
კონკრეტიკაზე თავს შევიკავებ, უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ამის გაჟღერება. თავად პრემიერი ისაუბრებს ამაზე”, – აღნიშნავს კალაძე.
თბილისის მერი გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის პირადი სურვილი იყო, რაც მან განცხადების საფუძველზე განახორციელა.
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 15 ივლისს უყრის კენჭს.