კახა კალაძე - მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის
მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ ფარგლებში.
„გუშინ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიან პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია“, – განაცხადა კალაძემ.