კახა კალაძე - მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს
კახა კალაძე - მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს

დღეს ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს, ამიტომ შესაბამის სამსახურებს მინდა დავავალო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის შენობაში და ყველა სხვა დაწესებულებაში აუცილებელია პირბადეებით გადაადგილება.

ამასთან, კალაძემ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად მოხდეს ადამიანების დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.

„მერიის შესაბამის სამსახურებს მოვუწოდებ, შეძლებისდაგვარად მოხდეს ადამიანების დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ეს ყველაფერი დავტოვოთ ძალაში, აუცილებელია მერიასა და ყველა სხვა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, ეს რეკომენდაციები, რაც არის მიღებული, გაკონტროლდეს. მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით მოხდეს. მაქსიმალურად დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.