კახა კალაძე - მინდა, მოქალაქეები დავამშვიდო, კორონავირუსის პრევენციისთვის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა მერიის ყველა თანამშრომელს, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებშია ჩართული.
კალაძის თქმით, გასული დღეების განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
კალაძის განმარტებით, სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.
მისივე თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, სადაც შედის დედაქალაქის მერიაც. ეს საბჭო შეიქმნა კორონავირუსის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო მერიის ყველა თანამშრომელს, რომელიც ჩართულია სამუშაოების განხორციელებაში. როგორც იცით, გასული დღეების განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
„დეზინფექცია ასევე, უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე ამბობს, რომ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და სპეციალისტთა რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ტარდება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.