კახა კალაძე - მინდა, მჯეროდეს, რომ კანდიდატის სტატუსზე ამჯერად გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ამასთან, კალაძის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც შეეხება, იცით, პრემიერს ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში და შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მათი მხრიდან იყო თხოვნა, რომ აღნიშნული კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ აღნიშნულ თხოვნას, დეკემბრამდე დაველოდებით, არ მივიღებთ აღნიშნულ კანონს, რომელიც მესამე მოსმენით უნდა მიღებულიყო. ზოგადად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, მჯეროდეს, რომ ამ ეტაპზე, ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, თუ რამე წარმატება გვაქვს მიღწეული, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ყველა წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ამ პერიოდს. ჩვენ ასევე ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც საქართველო იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და არასამართლიანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ამჯერად მინდა, მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება სამართლიანი და არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა კახა კალაძემ.