კახა კალაძე - მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას
კახა კალაძე - მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო.

სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.

„დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვთ მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო – ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. ძალიან მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობასთან შეთანხმება. ამ კონკრეტულ პროექტს შეგვიძლია დავარქვათ საპილოტე, თუმცა ეს არ არის პირველი პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაკმაყოფილებული იქნება დაახლოებით 29 ოჯახი, რომელიც დღეს ქირითაა უზრუნველყოფილი მერიის მიერ. უკვე 30 თვეში მათ ჩაბარდებათ ახალაშენებული კორპუსი, ქართული არქიტექტურით, მათი საცხოვრებელი ფართები იქნება გარემონტებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული.

მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ – იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის გამოც იბლოკება ბევრი პროექტი. სამწუხაროდ, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრ ფართში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართისაცაა თქვენი ბინა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იგივე ფართი გადმოგცეთ, იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და გარემონტებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტს ტენდერით გამოვლენილი სამშენებლო კომპანია შპს ,,ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომლის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „ტასჰაბის“ მიერ. პროექტი ითვალისწინებს 7880 კვ.მ ფართის აშენებას, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 7 მლნ 336 ათას 116 ლარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.