კახა კალაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, მერიის თანამშრომლებს და ილია ელოშვილს, ადამიანს, რომელიც იყო იქ, სადაც ყველაზე სენსიტიური თემები და პრობლემები იყრიდა თავს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2022 წლის ბოლო სხდომაზე მადლობა გადაუხადა თბილისელებს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და გარდაცვლილ ილია ელოშვილს, რომელიც მისი მოადგილის პოსტს წლების განმავლობაში იკავებდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„დღეს 2022 წლის ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თბილისელს იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ პირადად მე და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაგუნდელებიც. ეს მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ამ გამოწვევების და სირთულეების ფონზე, თქვენი თითოეული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, რომელსაც მე, პირადად, თუ ჯანსაღია, ვიღებ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეუცდომელი არავინაა. ყოველთვის ვაკეთებთ ანალიზს, რა იყო შეცდომა, რა უნდა გამოსწორდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე ეს შეცდომები არ განმეორდეს. მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც თბილისელების არჩეული ადამიანი, ყოველთვის გავაგრძელებ ამ კომუნიკაციას, რადგან კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობა და ტვირთია, იყო თბილისის მერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და თავის თანაგუნდელებს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება ქალაქს.
„მადლობა ყველას, დაწყებული მეეზოვიდან, ვიცე-მერის ჩათვლით. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ წლების განმავლობაში. ვიცი, რამდენად რთულია, რომ ხშირად გვიწევს ღამეების თენება, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ამის გამო საუკეთესო შედეგებს ვიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეს, გარდაცვლილ ილია ელოშვილს.
„განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში იყო იქ, სადაც ყველაზე ფაქიზი, სენსიტიური თემები და პრობლემები იყრიდა თავს. ილიას დაზარალებულები, ილიას უსახლკაროები, ილიას მარტოხელა მოხუცები, ილიას ბაგა-ბაღები – ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის. დღეს ვერ დავასრულებ ჩემს გამოსვლას ისე, არ ვახსენო ილია ელოშვილი – მეგობარი, თანამებრძოლი, პროფესიონალიზმის და წესიერების მაგალითი; ადამიანი, რომელიც 2022 წელმა გამოგვაცალა. მინდა, მადლობა გადავუხადო ილიას დედას, რომ ასეთი კაცი გაზარდა, ასეთი ადამიანი გვაჩუქა ყველას. მადლობა ილის მამას ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.