კახა კალაძე - მინდა ევროპული მომავალი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, პირიქით, ამით ვართ საინტერესო ევროპაში
როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2012 წლიდან გადადგა.
„გვინდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, არა ისე, რომ თავში წამოგვარტყას ვინმემ იმის გამო, რომ პატარა ქვეყანა ვართ. მეამაყება საქართველო, პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, ეკლესიას, პატრიარქს, კულტურას. როდესაც ამაზე საუბრობ, გამოდიან და ამბობენ, ეს ბნელიაო, თითქოს ისინი არიან გონებაგახასნილები. მოსახლეობის უმეტესობა ხედავს ამ ყველაფერს, იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევა არ გულისხმობს საკუთარი ადათ-წესების დავიწყებას.
„მინდა ევროპა, ევროპული მომავალი ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, რა არის მაგაზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, პირიქით, ამით ვართ საინტერესო ევროპაში. ამ დამოკიდებულებაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, იკვეთება, რომ ისინი არ ეკუთვნიან თავიანთ ოჯახებს, თავიანთ თავს. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნის ინტერესი გაატარო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.