კახა კალაძე - მინდა დავარწმუნო მშობლები, რომ მათი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით
თბილისის მერი კახა კალაძე 95-ე ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც მშობლებს „ფეისბუქის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართა და ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, თითქოს ბაღებში კვების რაციონი შემცირდა და ბავშვები საჭმლის გარეშე დარჩნენ.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბავშვები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით.
„ვიმყოფებით 95-ე ბაგა-ბაღში. მივიღე გადაწყვეტილება, გაფრთხილების გარეშე მოვსულიყავი ერთ-ერთ ბაღში, რადგან იცით, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, თითქოს ბაღებში კვების რაციონი შემცირებულია და ბავშვები საჭმლის გარეშე არიან.
დღეს მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე ამის შესახებ და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. გაჩვენებთ, როგორ მუშაობენ ქალბატონები და ამზადებენ პატარებისთვის ხაჭაპურს. დღეს სადილზე თევზი ჰქონდათ პიურესთან ერთად. გამოვაქვეყნეთ მენიუ, თუ რითი იკვებებიან ბავშვები. თქვენ ხედავთ, როგორი ნორმალური პირობებია სამზარეულოში, სადაც მათთვის საკვები მზადდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საკვები ბავშვებისთვის საკმარისია. ერთადერთი რისი შემცირებაც მოხდა შაქარი და მარილია, ისიც ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის. სწორი კვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია არის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული. Unicef იყო ჩართული საკვების რაციონის, მენიუს მომზადებაში, თუ როგორია საერთაშორისო სტანდარტი და იმის გათვალისწინებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი პრობლემა კვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ კომპანია, რომელთანაც არის ხელშეკრულება გაფორმებული, ეს არის ერთთვიანი ხელშეკრულება, როგორც ვიცი. ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით ყველა იმ კომპანიას, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ ცნობილი გახდება გამარჯვებული კომპანია.
მინდა ყველა დავაწყნარო და მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით. თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი შემცირება შაქარზე და მარილზე მოხდა, ისევ და ისევ ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩრდილი მიაყენოს ბაგა-ბაღებში მომუშავე პერსონალს, თბილისის მერიას და თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს პატარებზე და მომავალ თაობებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.