კახა კალაძე - მიმდინარეობს მუშაობა 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლებისთვის
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლებისთვის.
კალაძეს მეტროსადგურ „ახმეტელზე“ დამატებითი ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. თბილისის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა.
„გამოვლენილი და შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. წარვუდგინეთ „ახმეტელის თეატრის“ სივრცე და პროექტი, რისი გაკეთება გვინდა. ველოდებით დადასტურებას, რის შემდეგაც სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულება, თუმცა გვაქვს მეორე, ცოტა გრძელვადიანი გეგმა. ეს არის „ახმეტელის“ მეტროს ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის პროექტის განხორციელება, იგივე არის სამგორის მეტროსთან დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.