კახა კალაძე - ახალგანხორციელებულ პროექტებს მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ
ახალგანხორციელებულ პროექტებს მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
კალაძემ ისაუბრა კანდელაკის ქუჩის მაგალითზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ პრობლემებია.
„ძალიან სამწუხარო და მძიმეა, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ. როცა ვამთავრებთ სამუშაოებს, შემდეგ დაკვირვებას ვახდენთ ქსელზე, რომელიც მიწის ქვემოთაა განთავსებული. არის სპეციალური მანქანა რობოტი, რომელიც შედის მილში და ლაივრეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას ვიდეოკადრებით, თუ რა მდგომარეობაა არსებულ მილებში. კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსრდა ორი ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ახალი მილები არის დაზიანებული. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ. არ ვიცი, ვის მიერაა ეს გაკეთებული. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ მონაკვეთის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, თუ ვინ დააზიანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, სამწუხაროა ასეთი მიდგომა.
„მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული. ეს ხომ მხოლოდ დედაქალაქის მერიის და ჩვენი არ არის. ეს არის ყველასი. ცოტა მეტი მოფრთხილება გვჭირდება ახალგანხორციელებულ პროექტებზე. ირაკლი ბენდელიანს მინდა, დავავალო, რაც შეიძლება დროულად მოგვარდეს ეს პრობლემა და პარალელურად გამოვლინდეს, ვინ ჩაიდინა ეს უმსგავსობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.