კახა კალაძე - „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს.
რაც შეეხება „მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი ისტორიის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. საოცარი ათი წელი მქონდა. გუნდმა მაშინ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც შესაძლებელი იყო. „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თითქოს წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც დიდ წარმატებას მივაღწიე, დღეს ჩემთან ერთად არიან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი ღამეებს ათენებდა, რომ „მილანის“ თამაშები ენახა. თანაც, გახსოვთ, რომ მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, სოციალური მედია, ფეხბურთის ყურება ცოტა რთული იყო, ამიტომ ჩემთვის დასაფასებელია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა მაშინდელ „მილანს“, ბიჭებს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნაკრების წარმატებას და აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს.
„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მოგზაურობ მსოფლიოს მასშტაბით, ხვდები „მილანის“ გულშემატკივრებს და ხედავ, როგორ უყვართ ეს გუნდი. ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენება და იმის ნახვა, როგორ გამოიყურებიან ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ველოდები დღევანდელ თამაშს. ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობაა, რომლებიც არაერთ ძლიერ კლუბში თამაშობენ. ჩვენ, კახას დამსახურებით, ძალიან ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და გისურვებთ წარმატებას“, – განაცხადა კაკამ.
მანვე გაიხსენა „მილანში“ კახა კალაძესთან ერთად თამაშის პერიოდი.
„„მილანში“ სან პაულოდან გადავედი, სადაც ყველა ჩემი თანაგუნდელი ბრაზილიელი ან არგენტინელი იყო და უცებ აღმოვჩნდი ისეთ გუნდში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ძალიან დამეხმარა. კახა კალაძემ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. მართალია, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, თუმცა თამაშისა და ტაქტიკური განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ძლიერ მცველებთან ერთად თამაშობ გუნდში, „მილანის“ დაცვა კი საუკეთესო იყო ევროპაში. როცა გაქვს საშუალება, ჩამოხვიდე, მეგობრები ნახო და მათთან ერთად ითამაშო მოედანზე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა კაკამ.
კახა კალაძის წარმატებაზე და მილანში მის კარიერაზე, ისაუბრა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა, კლარენს ზეედორფიმაც.
„არ არის იოლი, კარიერის დასრულების შემდეგაც წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. რაც შეეხება კალას, როგორც მოთამაშეს, ყოველთვის ზურგს გვიმაგრებდა მოედანზე, ყოველთვის შრომობდა, თავდადებით თამაშობდა, შესაბამისად, ჩვენ არ გვიწევდა იმაზე ნერვიულობა, რა ხდებოდა უკან, დაცვაში და სწორედ ასე მიაღწია „მილანმა“ ამდენ წარმატებას. ჩვენ ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც, როგორც „მილანის“ ფეხბურთელებს გაგვაჩნდა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ „მილანს“. კახიც, როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ყოველთვის გვეიმედებოდა მოედანზე“, – განაცხადა კლარენს ზეედორფიმ.
ლეგენდების მატჩი დღეს, საღამოს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.