კახა კალაძე - მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ჩემი დაპირება შესრულებულია
კახა კალაძე - მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ჩემი დაპირება შესრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1 000 ერთეული მიკროავტობუსი უკვე თბილისშია, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს.

„რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავანაცვლეთ ავტობუსების პარკი. ხედავთ, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი აღარ დადის ქალაქში. ჩემი დაპირება, რომ ქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებდა და ისინი ჩანაცვლდებოდა, შესრულებულია. პარალელურად, ასევე დაპირება გვქონდა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. უკვე თბილისშია 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. ქალაქში არ იმოძრავებს არც ერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით. ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე სრულად განახლებული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარასდროს იმოძრავებს და ისინი ეტაპობრივად მუდმივად განახლდება.