კახა კალაძე - ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული.
„ეს არის უპრობლემო პროექტი. საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. კანონის სრული დაცვით არის ნებართვა გაცემული. იმ კონკრეტულ ადგილზე იყო ბარაკები და იქ მცხოვრები ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. დღეს შენდება ორ თუ სამსართულიანი თანამედროვე სახლი, რომელიც ყველანაირად ჯდება იმ საერთო გარემოში, რაც კონკრეტულ ადგილს აქვს. ეკლესიას პრობლემა არ ექმნება. პირიქით, იქ მიმდინარეობს ღობის გამაგრებითი სამუშაოები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მშენებლობის, განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა მოდად იქცა, რაც მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.
„ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და დაგეგმილად. ის განვითარება, ის წინსვლა, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, გარკვეული ადამიანების ჯგუფს არ სურს. იციან, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ მშენებლობებზე ადამიანები საქმდებიან და ხელფასს იღებენ”, – ამბობს კახა კალაძე.
თბილისის მერის განცხადებით, ესმის გარკვეული ადამიანების, ვინც მშენებლობებს აპროტესტებს, რადგან წლების განმავლობაში ქალაქში არასწორად გაიცემოდა ნებართვები, ბევრი პრობლემური მშენებლობა იყო და ბევრი უსახური შენობა-ნაგებობა დაიდგა.
„წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ჩვენს საქმიანობას შევუდექით. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაგვიცია, რომელიც პრობლემური იქნება. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ქალაქის ინტერესები და არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, რომელიც დედაქალაქის სასარგებლოდ მივიღეთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტვერელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერასული კორპუსის მშენებლობა დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა გააპროტესტეს.