კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, ალბათ გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
„რაც შეეხება ბიუჯეტიდან ხარჯვას პირადი მიზნებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია და არანაირად გამართლებული არ არის. მით უმეტეს საუბარია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, პირადი გადაადგილებისთვის. ალბათ გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოიკვლიოს ყველა დეტალი, თუ რა ხდებოდა რეალურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავდაცვის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, უწყებამ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.