კახა კალაძე - მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაშია
ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, აბონემენტები, რომელიც არის ყველა ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული.
„საქართველოშიც ეს სისტემა ინერგება. ამაზე ჩვენ 2017 წლიდან ვსაუბრობთ, როდესაც დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა. ეს არის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს. ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი; შეიძლება, იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი აბონემენტი იქნება მისთვის მისაღები. გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.