კახა კალაძე - მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
კახა კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, – „უმრავლესობის წევრები დღეს აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა, მათ ეჭვი აქვთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს. თქვენც გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მეხუთე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს და იქნება თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება“, – რაზეც კალაძემ აღნიშნა:
„მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ვფიქრობ, ქალბატონი სალომე პრინციპული ადამიანია“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.