კახა კალაძე - მეტროსადგურის ვაგონებზე ტენდერს ატარებდა ევროპული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, მათი წესებით ხდებოდა ყველაფერი
ვაგონებთან დაკაშირებული ტენდერი 2020 თუ 2021 წელს გამოცხადდა და 2021 წლის ნოემბერში გვყავდა აღნიშნული კომპანია, როგორც გამარჯვებული. ტენდერს არ ატარებდა დედაქალაქის მერია, არამედ ატარებდა ევროპული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, სწორედ ამ კომპანიის წესებით ხდებოდა ყველაფერი და გამოვლინდა კონკრეტული გამარჯვებული კომპანია.
„ამის შემდეგ დაიწყო ომი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ EBRD-თან ერთად ვმუშაობდით იმაზე, რომ როგორმე მოგვეხერხებინა და შეგვეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება, ანუ გამარჯვებული კომპანიასთან რომ არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა, რომ ჩვენ ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით აღნიშნული სიტუაციიდან, ან რაღაც ფინანსური პრობლემები არ შეგვქმნოდა, რადგან აღნიშნული კომპანია არ არის სანქციების ქვეშ, შესაბამისად, ჩვენ, EBRD-თან ერთად, მათი ექსპერტების ჩართულობით, ჩვენი თანამშრომლების თანამონაწილეობით ყველანაირი ფინანსური რისკი ავარიდეთ ჩვენს სახელმწიფოს, დედაქალაქს და ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. თუ ისინი შემდგომ ეტაპზე მოხვდებიან ფინანსურ სანქციებში, დასანქცირდებიან, აქაც ყველანაირად ვართ დაზღვეულები. საქართველოს არანაირი ხარჯი და ჯარიმა არ ექნება ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილი არ ყოფილა ამ კომპანიასთან მუშაობა, იძულებული გავხდით ჩვენც და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიც“, – განაცხადა კალაძემ.