კახა კალაძე - მესიჯი მარტივი იყო, ქართველები კარგი ხალხი ხართ, ხელისუფლება გყავთ ცუდი, თუმცა ქართველი კაცი გონიერია, არ გამოუვიდათ არეულობა და იძულებული გახდნენ, სტატუსი მოეცათ
მესიჯი მარტივი იყო, ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი, თუმცა ქართველი კაცი გონიერია, არ გამოუვიდათ არეულობა და იძულებული გახდნენ, მოეცათ სტატუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.
„რეფორმები გრძელდება. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. წარმოდგენილია ე.წ. ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. საქართველო მანამდე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველანაირი კრიტერიუმით რომ შევადაროთ ქვეყნებს, ვისაც მისცეს სტატუსი, საქართველო დაჩაგრეს, თუკი ვინმეს რაიმე წარმატებული რეფორმა აქვს განხორციელებული, ყველასთან შედარებით გაცილებით წინ იყო ჩვენი ქვეყანა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა იყო, ხალხი ხელისუფლებისთვის დაეპირისპირებინათ. მარტივი მესიჯი ჰქონდათ, ქართველები კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ასეთი სიბინძურე იყო ჩაფიქრებული, თუმცა ქართველი კაცი გონიერია, არ გამოუვიდათ ამის გაკეთება და იძულებული გახდნენ, ქვეყნისთვის მიეცათ სტატუსი, რომელიც მანამდეც გვეკუთვნოდა. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ ვიმსახურებდით სტატუსს, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. რაიმე წარმატებას თუ მივაღწიეთ, ეს უკავშირდება მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდგომ“, – განაცხადა კალაძემ.