კახა კალაძე - მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გამოაცხადებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ სიცრუე უწოდა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი განმარტებით, მერობის კანდიდატის დასახელებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და პარტია არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე დაასახელებს კანდიდატს.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ის მონაწილეობს კონსულტაციებში, რომელზეც თვითმმართველობის არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარეობს მსჯელობა.
„არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე. თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები მაინც, როცა 7 თვით ადრე იყო წარმოდგენილი კანდიდატი გინდა ოპოზიციის, გინდა მმართველი პარტიის მხრიდან?! რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ კონსულტაციებში, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნებიან საკრებულოს წევრობისა და მერობის კანდიდატები სხვადასხვა რაიონში. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, შესაბამისად, როდესაც კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთი თვით, თვენახევრით ადრე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.