კახა კალაძე - მერიის თანამშრომელს თუ შეუძლია, ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?
კახა კალაძე - მერიის თანამშრომელს თუ შეუძლია, ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?

როგორ შეიძლება, დღეს, 2024 წელს ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 29 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ.

„რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.

ვიცით, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ერთად დგომა. დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც, ხედავთ, რა განცხადებებს, რა მოწოდებებს აკეთებენ. დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება. შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მეტი მოდით, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“ – განაცხადა კახა კალაძემ.