კახა კალაძე - მერიის პროგრამის, „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70 პროცენტია
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის, „ისწავლე და დასაქმდის“ ანგარიში წარუდგინა და პროგრამაში რეგისტრაციის ვადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70 პროცენტია.
„ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. ამავდროულად, ხშირად ბიზნესსექტორი ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივიღეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ სად სჭირდებათ კადრები. შესაბამისად, შევიმუშავეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაც ამის სურვილი აქვს, სხვადასხვა მიმართულებით გადავამზადოთ, გავზარდოთ მათი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო სერტიფიკატები გადავცეთ და დასაქმებაში დავეხმაროთ. დაახლოებით 70 პროცენტია მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა, ეს მაჩვენებელი გავზარდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსურველები სხვადასხვა სფეროს შეისწავლიან და შესაბამისი მიმართულებით დასაქმდებიან.
„აღნიშნული პროგრამა ბევრ მიმართულებას მოიცავს. წელს დაემატება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც „სქილვილ აკადემია“ ჩაერთო. თანამედროვე მსოფლიოში ეს მიმართულება ყოველწლიურად ძლიერდება. საქართველოშიც დიდი რესურსი გვაქვს, მოქალაქეებს ეს სფერო ვასწავლოთ და როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში დასაქმდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, კადრების დეფიციტია სამშენებლო სექტორშიც, რისი ერთ-ერთი მიზეზი მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებაა.
„ყოველდღიური შეხება მაქვს სამშენებლო სექტორთან და ვიცი, რომ სერიოზული პრობლემაა კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან დიდია ქვეყნიდან მათი გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ წავიდნენ ევროპაში და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ნახონ თავიანთ სფეროში. ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რომ წავიდნენ და განვითარდნენ. ჩვენ იმიტომ მივისწრაფვით ვიზალიბერალიზაციისკენ, იმიტომ არის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.