კახა კალაძე - მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ პროექტები დასრულდეს
კომპანია „სვეტი“ მშენებლობას ვერ ახერხებს და ვერ ახორციელებს პროექტების დასრულებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ არსებული პროექტები დასრულდეს და არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი.
„მინდა შევეხო სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ პრობლემას. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით, დავეხმარეთ ყველანაირად, მშენებლობას ვერ ახერხებს, ვერ ახორციელებს პროექტების დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პარალელურად, სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ამ ადამიანებთან კავშირი ყოველთვის გვაქვს. როდესაც შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებენ და ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება, იცოდეთ ყველამ, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა იქნება, რომ “სვეტის“ მიერ არსებული ყველა პროექტი დავასრულოთ და არც ერთი დაზარალებული ადამიანი არ დარჩეს.ხალხი უცხოეთშია წასული. შრომობენ, წვალობენ, გადმორიცხული თანხებით შეიძინეს ბინები და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ. შესაბამისად, მინდა მოგმართოთ ყველას, რომ დედაქალაქში მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.