კახა კალაძე - მელიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლება კანონს იცავს, გვახსოვს შემოტევა უცხოეთიდან, სათითაოდ უნდა დალაგდნენ და ბოდიში მოიხადონ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს, იცავს კანონს და კონსტიტუციას.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სტატუსი აქვს. დღეს შეიძლება იყო პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, თანდებობის პირი, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილებები იყო მიღებული, გვახსოვს, რამხელა შემოტევა მოდიოდა უცხოეთიდან. შეგვიძლია, არქივიდან ამოვიღოთ მასალები, რა განცხადებები კეთდებოდა იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, ვინც გვეუბნება, რომ საქართველოს მეგობრები არიან და გული შესტკივათ ჩვენს ხვალინდელ დღეზე. რეალურად, ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბეები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანაში როგორმე ყველანაირი ბინძური მეთოდით მოხდეს ქვეყნის ხელისუფლების გადაგდება, ჩამოგდება. იგივე იყო სააკაშვილის თემის შემოგორება საქართველოში და მთელი ის კამპანია, რა განცხადებებსაც ვისმენდით. გახსოვთ, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღო. იგივე არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში და, რა თქმა უნდა, უნდა შერცხვეთ ამ ადამიანებს, სათითაოდ უნდა დალაგდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რასაც ისინი აწარმოებენ, მაგრამ ამ ადამიანებს სირცხვილი არ აქვთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და ისინი ცდილობენ ამ დავალების შესრულებას. ეს არის მარტივი მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.