კახა კალაძე - მეგობრებო, ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
აქციაზე საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ისიც გაუგებარია, ვის უთენებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყნის გასაერთიანებლად უნდა იყოს გამოყენებული ძალა და ენერგია.
„არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებზე, საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან იქ და დარწმუნებული ვარ, გავა დრო, ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს? აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი. ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ, დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებთ, შევძლებთ იმასაც, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.