კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა - ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენ მიმართ მაქვს
თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ მოზარდისთვის გაწეული გადაუდებელი დახმარებისთვის მეგი ბანცაძეს მადლობა გადაუხადა.
„ალბათ ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენ მიმართ გამაჩნია. თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მეგი ბანცაძემ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, მოზარდს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა, რაც საბედნიეროდ შეძლო.
„ბედისწერა იყო, რომ ზუსტად ლაზარეს წინ აღმოვჩნდი. ერთი წუთით არ შეიძლებოდა დაგვიანება. როგორც კი პულსი წამოვიდა, მივხვდი, რომ ლაზარე გადარჩა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მძიმე წუთებში იქ აღმოვჩნდი და ბავშვის დახმარება შევძელი“, – განაცხადა მეგი ბანცაძემ.