კახა კალაძე - მე ვარ ის მერი, რომელმაც ამ ქალაქში ქაოსურ განაშენიანებას წერტილი დაუსვა
ერთი ფაქტი გვაჩვენონ 2017 წლის შემდეგ, რაც კახა კალაძე მერია და ჩემი გუნდი არის დედაქალაქის მთავრობაში, რომელი უკანონო ნებართვა გაიცა, ან რომელი უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი და კახა კალაძე არის ის მერი, რომელმაც ამ ქალაქში ქაოსურ განაშენიანებას წერტილი დაუსვა. ჩვენ მივიღეთ გენერალური გეგმა და ცნობილია, ამ გეგმის მიხედვით როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება-განაშენიანება. ცხადია, ნებართვები გაიცემა, მაგრამ გაიცემა ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება. წინასაარჩევნოდ იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ ისმოდა. აი, დაასახელონ ერთი კონკრეტული ფაქტი და ერთი ფაქტი გვაჩვენონ, რომ 2017 წლის შემდეგ, რაც კახა კალაძე მერია და ჩემი გუნდი არის დედაქალაქის მთავრობაში, რომელი უკანონო ნებართვა გაიცა, ან რომელი უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. თუ არსებობს, გვაჩვენონ, ხომ მარტივია?! ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს ჩემი მერობის პერიოდში უკანონო სამშენებლო ნებართვები გაიცემოდა“, – განაცხადა კალაძემ.
ამ განცხადებით კახა კალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა განცხადებას გააკეთებს უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, რის შესახებაც მისმა ერთ-ერთმა ოპონენტმა – ანა ბიბილაშვილმა თქვა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში მაინც გაიცემოდა უკანონო ნებართვები, და სამშენებლო ნებართვები რვა მილიონ კვადრატულ მეტრზეა გაცემული.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მან და მისმა გუნდმა გააუქმეს ის მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული სივრცეებისა და სკვერების აოხრება-განადგურება და კორპუსების წამოჭიმვა ხდებოდა.
„დღეს, ახლა, მელია რომ იქაჩება, მისი გუნდის ხელისუფლების პირობებში ვაკის პარკში ცხრასართულიან კორპუსზე სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული, კუს ტბის ასახვევში კი ხუთსართულიან სასტუმროზე იყო ნებართვა გაცემული, ეს ყველაფერი ჩვენ დავიბრუნეთ. გარდა ამისა, იქ ადამიანები იყვნენ, რომლებიც იბრძოდნენ. „ბუდაპეშტის“ პრობლემა მოგვარებულია და იქ ადგილმონაცვლეობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – განაცხადა კალაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ უპასუხებს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე მილიონი დახარჯა და დღეს მიტოვებულია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, რკინიგზასაც აქვს მოკვლევა გაკეთებული და ეს იყო უვარგისი პროექტი.
„ეს იყო ტყუილად გადაყრილი ფული, იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებით უნდა მიღებულიყო, ვერ მიიღწეოდა. ამიტომ, ეს პროექტი შეჩერებული და დაკონსერვებულია. მის განახლებას მუნიციპალიტეტი არ განიხილავს და ცენტრალურ ხელისუფლებას ან რკინიგზას თუ აქვს ამასთან დაკავშირებით რაიმე მიდგომები, ვერ გეტყვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.