კახა კალაძე - მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავლის თბილისი იყოს უკეთესი თითოეული ადამიანისთვის, შშმ პირისთვის, ხანდაზმულისთვის, ბავშვისთვის
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე შეგვახსენებს ყველას, რომ განვითარებული საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს შშმ პირების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და ამისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მათი უფლებებისა და თავისუფლების რეალიზება, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის თქმით, დედაქალაქში ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის ბევრი რამ კეთდება.
„არც ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ გამწვანების პროექტი არ ხორციელდება ისე, რომ ეს კომპონენტი გათვალისწინებული არ იყოს. განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებებით გვაქვს არაერთი მიზნობრივი პროგრამა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. სასურველი შედეგის მისაღებად, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
მე და ჩემი გუნდი, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავლის თბილისი იყოს უკეთესი თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის, შშმ პირისთვის, ხანდაზმულისთვის, ბავშვისთვის. ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე თავისუფლად და უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს ამ ქალაქში“, – წერს კახა კალაძე.