კახა კალაძე მე-19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დიდუბის რაიონში, N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
კახა კალაძემ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
„მინდა, სწავლის დაწყება პატარებსა და მათ მშობლებს მივულოცო. N19 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ვიმყოფებით, 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა. ჩვენი მიდგომები ნათელია – განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რა პირობებშიც აღიზრდება მომავალი თაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N19 ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი, მისი ავარიულობის გამო, რამდენიმე წლის წინ განახორციელა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა, სადაც უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოქმედი სტანდარტი. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით.