კახა კალაძე - მძიმე წუთები უდგას საქართველოს, ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბათუმში სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ.
ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას!“ – წერს კახა კალაძე „ფეისბუქში“.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.