კახა კალაძე - მცხეთიდან ვაძლევთ მოსახლეობას მთავარ პირობას, ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ
ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია. ფსევდოლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი ცდილობს, გაანადგუროს მთავარი ღირებულება, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის – რწმენა, ოჯახი, სამშობლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქ მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გააგრძელებს „ქართული ოცნება“ გზას მომავლისკენ.
„ქრისტიანული კულტურა და ქართული ცნობიერება განუყოფელია, რადგან სწორედ ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რამაც ქართველი ერი გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა ერთიანი, მძლავრი ქართული სახელწიფოს შექმნას. ამიტომაც არის, რომ ქართველისთვის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან არის გაიგივებული. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია. ფსევდოლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი ცდილობს, გაანადგუროს მთავარი ღირებულება, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის – რწმენა, ოჯახი, სამშობლო. მეგობრებო, შემთხვევით არაა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან ვიწყებთ. სწორედ აქედან ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას მთავარ პირობას – ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ჩვენი ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, რათა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.