კახა კალაძე - მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, მაგრამ ყველაზე მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა და მშვიდობის შენარჩუნებაა
კახა კალაძე - მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, მაგრამ ყველაზე მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა და მშვიდობის შენარჩუნებაა

ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა, რადგან მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც დღეს ვიმყოფებით, ასევე, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა. ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ბაღების მშენებლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვახორციელებთ. მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, ბულინგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული ინტერესის, მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს, თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ვერ გაგვეძლო ბულინგისთვის, შეურაცხყოფისთვის, მუქარებისთვის და შევერთებოდით სანქციებს, რა მდგომარეობა გვექნებოდა? შეცდომა რომ დაგვეშვა და გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და ზრდაზეა საუბარი, ქვეყანაში გვექნებოდა სრული კატასტროფა. დღეს აქ კი არ ვიქნებოდით, ქვეყანა იქნებოდა ქარცეცხლში გახვეული. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა და რასაც ეს წვრილფეხა რადიკალები ქვეყნის შიგნით ებრძვიან გარე დავალებებით, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია და ქვეყანა ისევ ვიღაცის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია 7.6 %-მდე.