კახა კალაძე - მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით არასწორად იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით არასწორად იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, თითქოს ხელისუფლება გეგმავდა ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული გაუგებრობა არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო.
კალაძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც რეგულაციების შემოღება-დაწესებას ეხება, პარლამენტში გადაიგზავნება.
„თქვენ იცით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ მარიხუანას მოწევის გამო არ უნდა მიდიოდეს ციხეში, თუმცა ის გადაწყვეტილება რაც საკონსტიტუციომ მიიღო, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავიდეთ, ესეც ცხადია და ამაზე ყველა ვთანხმდებით.
რეგულაციები, რომელიც მოამზადა ცენტრალურმა ხელისუფლებამ შსს ჩართულობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გადაიგზავნება პარლამენტში და მოხდება ამ ყველაფრის განხილვა.
კულტივაციას რაც შეეხება, აქაც არასწორად იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, თითქოს ხელისუფლება გეგმავდა ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას, რაც ნამდვილად სიმართლეს არ შეესაბამება. აქ საუბარი იყო მედიცინის და კოსმეტიკის მიმართულებით მოხმარებაზე და აქაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა და მგონია, რომ როდესაც მოხდება ეს კომუნიკაცია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.