კახა კალაძე - MAN-ის მარკის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც თბილისში ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, სექტემბრის ბოლოს იქნება
MAN-ის მარკის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც ჯერ მაისის, შემდეგ კი ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, თბილისში სექტემბრის ბოლოს იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს კომპანიასთან.
„კომპანიასთან ძალიან ცუდი საუბარიც გვქონდა, რადგან მიუღებელია ეს ყველაფერი. კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერი და ეს არ არის უბრალო კომპანია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია. მან აიღო ვალდებულება, 90 ერთეული ავტობუსი უნდა მოეწოდებინა ჯერ მაისის, შემდეგ კი ივნისის თვეში. მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ბოლოს გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მოწოდებული დარჩენილი 50 ავტობუსი. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის ნაწილი შემოვა. მათი მოწოდება წლის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები გამოყენებული იქნება.