კახა კალაძე - მამუკა ბახტაძის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია
მამუკა ბახტაძის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნისას განაცხადა.
თბილისის მერმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მამუკა ბახტაძე პირადად იყო ჩართული ჩვენი საარჩევნო პროგრამის შედგენაში და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია. ამით ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რომ არა ის მხარდაჭერა, რაც პრემიერ-მინისტრის, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.