კახა კალაძე - მადლობას ვუხდი ეკატერინე ტიკარაძეს ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობისთვის, პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და შემდეგ ათამდე გაიზრდება
კახა კალაძე - მადლობას ვუხდი ეკატერინე ტიკარაძეს ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობისთვის, პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და შემდეგ ათამდე გაიზრდება

ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და შემდეგ გაიზრდება ათამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დაათვალიერა.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მთავარი არის ვაქცინაცია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, აიცრან და დაიცვან საკუთარი და სხვისი სიცოცხლე.

„ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი რაც არის ამ ომში, არის ვაქცინაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სიცოცხლე, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ჩვენ, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს.

პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და მთლიანობაში ათამდე გაიზრდება, რომ თითოეულ რაიონში ერთი ავტობუსი გადააადგილდებოდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისი რაიონიდან გასვლის გარეშე მოახერხონ აცრის გაკეთება. ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტულია. კონდიცირება, სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერები, ყველანაირად არის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული, თვითონ ავტობუსის შიგნით სამედიცინო კუთხის თვალსაზრისით, ყველაფერი მოწყობილია და ჩემი თხოვნა და თუნდაც მოწოდება იქნებოდა ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ერთმანეთის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.