დედაქალაქის მერი კახა კალაძე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო.
მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება და ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.
„ლილოს ნაგავსაყრელი ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები და პროექტები. წელს, ბიუჯეტიდან დაახლოებით, 17 მლნ ლარი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ რამდენიმეეტაპიანი სამუშაო განხორციელდეს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის პრობლემური უჯრედების დახურვა, კონსერვაცია და გაზშემკრების მოწყობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ, მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წელს, ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პოლიგონზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, თანამედროვე სტანდარტების გაზშემკრები და წყლის ფილტრაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, ნარჩენების ტერიტორიაზე აკუმულირებული მეთანი მოსახლეობისთვის
უსაფრთხო გახდება.
კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძესთან და “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად იმყოფებოდა.