კახა კალაძე - ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის ტექდათვალიერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება
ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს, ამ პირობის შეუსრულებლობა, წარმოადგენს ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულოდ ტექინსპექტირება.
„ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდამ ვაცნობო ამ პირებს, რომლებიც მომსახურებას ეწევიან, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა, ანუ ტექდათვალიერების არგავლა, წარმოადგენს ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას. ჩვენ ამ პანდემიის პირობებში მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო. ტექდათვალიერებების გადავადება მოხდა. თუმცა დღეს არის იმის დრო, რომ იმ ტაქსის მძღოლებმა, ვინც ლიცენზიას ფლობს, აუცილებელია, გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია. ჩემი თხოვნა იქნება, კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან, სრულყოფილი ინფორმაცია, კონკრეტული ვადები, შემდეგ ისე არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ რაღაც არ იცოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.