კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, კალაძე არის რუსეთუმეო, ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში
ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ, თითქოს მე ვაკეთებ ანტიდასავლურ განცხადებებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კალაძის თქმით, მისი სიტყვები, რომლებსაც ანტიდასავლურად წარმოაჩენენ, სინამდვილეში იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების ან უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე პასუხია, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
„მე დღეს რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურება. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამის გატარებას და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო. და ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში. ეს კამპანია არის მიმართულად, იმისთვის რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ხომ არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება, „ქართული ოცნება“ არ მოსწონდეთ. იმ ადამიანებზე მუშაობენ, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკება, ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებს გამოეხმაურა და მათ შეურაცხმყოფელი უწოდა.
„გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, – აღნიშნა კალაძემ.